მუსლიმთა ძირითადი საკულტო ნაგებობა არის მეჩეთი- ადგილი სადაც სრულდება მიწიერი თაყვანისცემა. ყურანში მასჯიდ აღნიშნავს ქააბას ტაძარს მექაში და აგრეთვე სხვა რელიგიების ღვთისმსახურების ადგილს. თავდაპირველად მექაში მუსლიმებს არ ჰქონდათ სპეციალური ადგილი ღვთისმსახურებისთვის. ალაჰის მოციქული თავის მიმდევრებთან ერთად ლოცვას ასრულებდა მალულად მექის გარეუბანში, ბანუ სალიმას ტერიტორიაზე. წყაროებში აღნიშნულია აგრეთვე, რომ მუჰამადი ასრულებდა ლოცვას ქააბას ტაძრის უკან ან თავის სახლში. მექის კურაიშიტის ტომი, რომელსაც ჰქონდა ქააბას დაცვის ფუნქცია, ხელს უშლიდა მუჰამადის მიმდევრებს, ლოცვა შეესრულებინათ ქააბას ტაძარში. პირველი მეჩეთი, როგორც საერთო ლოცვის ადგილი, აშენდა მალევე მუჰამადის გადასვლის შემდეგ მედინაში, კუბა-ს დასახლებაში. ერთი ტრადიციის თანახმად, მუჰამადს აქ უკვე დახვდა პირველი ემიგრანტების და ანსარების მიერ აშენებული მეჩეთი. ამის შემდეგ ყოველ შაბათს მოციქული მოინახულებდა კუბა-ს, რომელიც ორიენტირებული იყო აღმოსავლეთით, როგორც ქრისტიანული ტაძრები, ხოლო პირველი მეჩეთი იასრიბში- ჩრდილოეთით, იერუსალიმისაკენ. 623 წელს მოციქულის სახლის გვერდით მედინაში აშენდა კიდევ ერთი მეჩეთი, სადაც დაკრძალულია მოციქული მუჰამადი და დღეს პილიგრიმთა მოლოცვის ობიექტია. ერთი ტრადიციის თანახმად, მედინაში ჩასვლისას მუჰამადი იყო აბუ ბაქრთან. მისი აქლემი გაჩერდა აბუ აიუბის ეზოსთან, სადაც შეასრულა ლოცვა და ბრძანა აქ მეჩეთის აშენება. მეჩეთების ცალკე ჯგუფს შეადგენდა გარდაცვლილთა საფლავებზე აღმართული მეჩეთები. თვითონ მოციქული რეგულარულად მოინახულებდა ალ-ბაკია-ს სასაფლაოს, სადაც დაკრძალული იყვნენ უჰუდის მთასთან დაღუპული მუსლიმები.თუმცა ჰადისების თანახმად, ლოცვა საფლავებზე აკრძალულია და არ შეიძლება საფლავების გამოყენება მეჩეთებად. თავდაპირველად მეჩეთის შენობას არ უყენებდნენ რაიმე განსაკუთრებულ მოთხოვნებს, არ შეიძლებოდა მხოლოდ ცოცხალი არსებების გამოსახულებანი, რათა ისინის თაყვანისცემის ობიექტები არ გამხდარიყვნენ. მეჩეთების გაფორმება ხდება სპეციალური წარწერებით, როგორც წესი ყურანის აიებით და სხვადასხვა ორნამენტებით. მუსლიმთა მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე მეჩეთად აქცევდნენ ნებისმიერ შესაბამის შენობას, სადაც შეიძლებოდა დატეულიყო პარასკევის ლოცვის დროს ამ ოლქში მცხოვრები ყველა მუსლიმი. VII საუკუნის დასაწყისში ყალიბდება მეჩეთის თავისებური სახე, რომელიც ყოველმხრივ პასუხობდა მუსლიმური რიტუალის მოთხოვნებს. ხალიფა ალ-ვალიდI-მა "არაბული" გეგმით დამასკოში ააშენა უმაიანთა ცნობილი მეჩეთი. დამასკოს დიდი მეჩეთი---მეჩეთის ადგილას უწინ იუპიტერისამდი მიძღვნილი წარმართული ტაძარი იდგა, რომელიც ბიზანტიურ პერიოდში ქრისტიანულ ბაზილიკად გადაკეთდა, სადაც ქრისტიანთა რწმენით იოანე ნათლისმცემლის თავი იყო დამარხული. შემდგომ, ისევე როგორც იერუსალიმში, დამასკოშიც, მუსლიმები ქრისტიანული ეკლესიის ნაწილს იყენებდნენ ლოცვისათვის. აბდ-ალ მალიქის მემკვიდრის ალ-ვალიდის დროს, როდესაც დამასკოს მაჰმადიანური მოსახლეობის რიცხვი გაიზარდა, დიდი სივრცის აუცილებლობაც გაჩნდა. წარმართული და შემდგომ ქრისტიანული ტაძარი კედლებით გარშემორტყმულ სივრცეში (150 X 100მ) მოექცა. მუსლიმებმა ეს კედლები გამოიყენეს მეჩეთისათვის. ისინი მაღალ, თაღოვან გალეებს წარმოადგენს, რომლებიც გარს შემოუყვება მთავარ სალოცავ დარბაზს, რომლის ფასადი მიმართულია სამხრეთის მიმართულებით- კიბლასკენ და მეჩეთის შიდა ეზოში გამოდის. გარეთ გამომავალი ჩრდილოეთის ფასადი- მეორეხარისხოვანია. ეს ნიშანი- მთავარი ფასადის ეზოს შიგნით შემობრუნება , შემდგომში იქცა მუსლიმური არქიტექტურის ერთ-ერთ დამახასიათებელ თვისებად. მეჩეთი გადახურულია ძელური გადახურვით. პირვანდელი სახით ცენტრალური ნავი რამდენიმე ხის გუმბათით ყოფილა დამშვენებული. ერთ-ერთი გუმბათი დღემდე შემორჩენილია და იგი ინტერიერის იმ ნაწილის თავზეა აღმართული, სადაც მთავარი ცერემონიები ტარდებოდა და სადაც უმაღლესი იერარქიის ხელისუფალნი იდგნენ პარასკევის ლოცვის დროს. ამ სივრცეს მაკსურა ეწოდება და იგი უმაიანთა მეჩეთების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. მაკსურას სივრცეში ასევე შედიოდა მინბარი- საფეხურიანი კათედრა- ადგილი, საიდანაც ხუტბა აღევლინებოდა. უმაიანთა პერიოდში ამას თავად ხალიფები აკეთებდნენ, ეს ტრადიცია მუჰამედის მემკვიდრეების - მართლმორწმუნე ხალიფების დროსაც გაგრძელდა. მოგვიანებით ხუტბას რელიგიური პირი- ხატიბი ასრულებდა. მეჩეთის კიდევ ერთი და აუცილებელი ელემენტია მიჰრაბი- მორკალური სალოცავი ნიშა, რომელიც ასევე ლოცვის მიმართულებას აღნიშნავდა, მხოლოდ მეჩეთის ინტერიერში და კიბლას კედელზე იყო მოთავსებული. დამასკოს მეჩეთი მდიდრულად იყო მოპირკეთებული ძვირფასი მასალით: ნაგებობის ქვედა იარუსები სხვადასხვა ხარისხის მარმარილოს ფილებით, ხოლო ზედა ნაწილები სმალტის მოზაიკით იყო მორთული. წარწერაც მოზაიკაში იყო შესრულებული. დიდ პანელებზე ფანტასტიკური პეიზაჟები იყო გამოსახული მდინარეებით, ტყეებით, სახლებითა და სხვადასხვა ზომის პავილიონებით. ეს მოზაიკები სამოთხის პეიზაჟებს გადმოსცემდა, სადაც მორწმუნენი, როგორც ეს ყურანში იყო აღწერილი, გარდაცვალების შემდეგ მოხვდებოდნენ.